2020 წელს თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის და ახალციხის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის განზრახულობის შესახებ რომლის ფარგლებშიც ჩვენს წევრებთან კონსულტირებით დამტკიცდა არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი. შემუშავებულ იქნა მეფე გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის დადგმის საკონკურსო პირობები.
2021 წლის 2 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, გაიმართა გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენა სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, კულტურისა და განათლების სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის მერიისაა და საკრებულოს, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი V ბრწყინვალე – დემეტრე II თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ძეა, რომელიც სამცხეში, თავისი პაპის მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელის კარზე იზრდებოდა. გიორგი ბრწყინვალეს მეფობის პერიოდში აღდგა საქართველოს ერთიანობა, განმტკიცდა სამეფო ხელისუფლება და აღორძინდა მონღოლთა ბატონობისგან დაქცეული ქვეყანა. სწორედ ამიტომ მადლიერმა შთამომავლობამ მას “ბრწყინვალე” უწოდა. გამომდინარე ზემოთთქმულიდან, საზოგადოებაში გაჩნდა იდეა და სურვილი, რომ სწორედ ახალციხეში განთავსებულიყო მეფე გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი.
გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 13 ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ შესარჩევ კონკურსში 9 ესკიზი.