შეხვედრა არქიტექტორ არჩილ ქურდიანთან
11 ივლისს კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ არქიტექტორ არჩილ ქურდიანსა და ქანდაკების სიმპოზიუმის მონაწილე სტუდენტებს შორის გაიმართა შეხვედრა თემაზე: თანამედროვე ურბანული კულტურული სივრცე და ქანდაკება.
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქტუალობით გამოირჩევა, თანამედროვე ურბანული სოციალურ-კულტურული სივრცის ფუნქციონირებისა და მასში სკულპტურის ინტეგრაციის საკითხი. დღეს ჩვენ შეგვიძლია თვალი მივადევნოთ ქალაქის ლანდშაფტის, არქიტექტურისა და სკულპტურის ახლებურ სინთეზს. აღსანიშნავია რომ, პოსტსაბჭოთა პერიოდის, იდეოლოგიური დატვირთვისაგან გათავისუფლებული ურბანული სკულპტურის შექმნის პროცესში, ხელოვანი ხშირად აწყდება ისეთ სირთულეებს, რასაც თანამედროვე სტილის, გამოსახვის ფორმების, შინაარსისა თუ ფუნქციის მართებული გააზრება წარმოშობს. შესაბამისად, თანამედროვე ურბანული ხელოვნების ანალიზი და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობა, მეტად მნიშვნელოვანია. იგი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა და ახალი კონცეპტუალური იდეებისა და პრინციპების ჩამოყალიბებისთვის წინა პირობას წარმოადგენს.
შეხვედრაზე არჩილ ქურდიანმა ისაუბრა თანამედროვე ურბანულ გარემოსა და მისი განვითარების ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ ფაქტორებზე. ასევე, ქალაქის ლანდშაფტის, არქიტექტურისა და სკულპტურის სინთეზის უახლესი პერიოდის გამოწვევებზე. ყურადღება გაამახვილა მოქანდაკისა და არქიტექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა არქიტექტორსა და დამსწრე აუდიტორიას შორის დისკუსიით დასრულდა.
ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი არის „ქანდაკების ფესტივალი - 2023“-ის ნაწილი, რომელიც თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება. ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს კულტურის ფონდი. სპონსორები: კომპანიები Knauf-ი და Caparol Georgia - კაპაროლი. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.