თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია დაფუძნდა 2008 წელს მოქანდაკეებისა და არქიტექტორების მიერ, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში აღნიშნული დარგების მხარდასაჭერად.
წლების მანძილზე ასოციაციის წევრები მონაწილეობდნენ ქანდაკების და არქიტექტურის სფეროებში გამართულ სხვადასხვა საზოგადოებრივ თუ კერძო ღონისძიებებსა და აქტივობებში, მაგალითისთვის: საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025 შემუშავების პროცესში - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დადგმის წესის შემუშავება - თბილისის საკრებულოს თაოსნობით და სხვ.
2016 წლიდან ჩვენი ასოციაციის წევრები წარმოდგენილები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის კომისიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების უკვდავსაყოფად მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების, სხვა მემორიალური ობიექტისა და სკულპტურული კომპოზიციების ესკიზებისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევ საკონკურსო კომისიებში.
ჩვენი მუშაობის შედეგად თბილისის მერიაში შემუშავდა საკონკურსო პირობები, შეფასების კრიტერიუმები, შესაძლო მინიმალური ბიუჯეტები და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც უკვე არაერთხელ გამოადგა ქართულ საზოგადოებას.
ასოციაციის მხარდაჭერა მოქანდაკეთა საავტორო უფლებების დაცვის კუთხით ასევე არაერთხელ გამხდარა გადამწყვეტი ქართველი ავტორებისათვის.
ასოციაცია ეწევა საგამოფენო საქმიანობას და ჩართულია სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში. ასოციაციის თაოსნობით სისტემატურად იმართება ფილოსოფიური, ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო თუ ეთნოგრაფიული თემებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ლექციები და კონფერენციები.