Loading...
ა. გრიბოედოვის ქ, 21 0108, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი : 09.00 - 21.00
+995 599 588 291
თანამედროვე ქანდაკება არსებულ და იმიტირებულ რეალობაში

ნოემბერი 18, 2023

18 ნოემბერს თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით საერთაშორისო გამოფენა 'თანამედროვე ქანდაკება არსებულ და იმიტირებულ რეალობაში' გაიხსნა.

პროექტი 'თანამედროვე ქანდაკება არსებულ და იმიტირებულ რეალობაში' მიზნად ისახავდა დარგის განვითარების უახლესი ტენდენციების წარმოჩენას. ეხებოდა ისეთ კრიტიკულ თემებს, როგორიცაა ქანდაკების ახალი მიმართულებები, თანამედროვე სკულპტურების შესაქმნელად გამოსაყენებელი მასალები, ტექნიკური თუ მხატვრული მეთოდები.

გამოფენაზე ტრადიციული მეთოდებით შექმნილი ქანდაკებების გვედრით წარმოდგენილი იყო სპეციალური კომპიუტერული პროგრამების საშუალებით შესრულებული სკულპტურები. ნაწილი ქანდაკებებისა განხორციელებული იყო 3D პრინტერის გამოყენებით. ზოგიერთი კი უშუალოდ 'ვირტუალურ სივრცეში' საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილ მონიტორებზე ნახა მაყურებელმა. ექსპოზიციაში ასევე ჩართული იყო „დამატებით რეალობაში“ არსებული სივრცითი კომპოზიციები. ისინი AR ტექნოლოგიის გამოყენებით, QR კოდების სკანირებით იხილა დამთვალიერებელმა.

ექსპოზიციაზე ნაჩვენები იყო, როგორც ცნობილი ხელოვანების, ისე ახალგაზრდა შემოქმედების ნამუშევრები, რომლებიც ტრადიციულ მეთოდებთან ერთად მიმართავენ ექსპერიმენტული, ინოვაციური მასალებისა და ციფრული მედიების გამოყენებას. ქართველ მოქანდაკეებთან ერთად მოწვეულები იყვნენ უცხოელი ავტორები.

ღონისძიებას რედისონ რედ თბილისმა უმასპინძლა და 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა. გამოფენა ახალი გამოცდილება იყო, როგორც ხელოვანებისთვის, ისე დამთვალიერებლებისთვისაც. პროექტი 'თანამედროვე ქანდაკება არსებულ და იმიტირებულ რეალობაში' საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.