მაისი 12-22, 2023
'ქანდაკების ფესტივალი' მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის გამოფენით გაიხსნა. ნიკოლოზ კანდელაკის (1889-1970) როლი ქართული მონუმენტური პლასტიკის ჩამოყალიბება-განვითარებაში განსაკუთრებულია. აღსანიშნავია ნიკოლოზ კანდელაკის პედაგოგიური მოღვაწეობა. 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. მისი სკოლა გაიარეს რამდენიმე თაობის მოქანდაკეებმა, რომლებმაც შემდეგში თვალსაჩინო ადგილი დაიკავეს ქართული ქანდაკების ფორმირებასა და წინსვლაში.
ექსპოზიციაში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა ხელოვანის მემკვიდრეების კუთვნილებაში არსებული 30 - მდე ნაწარმოები. მოქანდაკის ნამუშევრების ამ მასშტაბის გამოფენა პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველად გაიმართა.